მამუკა ბახტაძე -  „Fitch“-ის რეიტინგებში დაწინაურება საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს გაზრდის

25 თებერვალი 2019, 00:00 1645 ნახვა

საქართველოს პრემიერმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგებში ქვეყნის პოზიციის გაუმჯობესების შესახებ განაცხადა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ეს ფაქტი უცხოური ინვესტიციებს გაზრდის ქვეყანაში. 

"ასეთი გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ „BB მინუსიდან“ „BB“ სტაბილურამდე სარეიტინგო მაჩვენებლის ზრდა, ცალსახად არის იმის დადასტურება, რომ  სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვატარებთ. რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვაზე - სიღარიბის დაძლევაზე.

ეს ცალსახად ნიშნავს, რომ გაიზრდება უცხოური ინვესტიციების შემოსვლა და სრულად დაფინანსდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ასევე მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა 2019-2020 წლებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების, ტრანსპორტის სექტორში მსხვილი ინვესტიციების და ანაკლიის პორტის განვითარების შედეგად" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, 2011 წლის შემდეგ, დღეს 25 თებერვალს, პირველად, ჩვენი მაჩვენებელი გაზრდილია და ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა.

პრემიერი ამბობს, რომ რეიტინგის ცვლა, საქართველოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. "ეს განპირობებულია ჩვენ მიერ გატარებული სწორი პოლიტიკით, რომელშიც დიდი წილი ლარიზაციის პროგრამაზე მოდის. შარშან, წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და გავხდით უფრო მედეგი გარე შოკების მიმართ“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი