მართლმსაჯულების ბედით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები და ორგანიზაციები დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს დახმარებისთვის მიმართავენ:
"ღია წერილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს
პატივცემულო ელჩებო, მართლმსაჯულების ბედით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები მოგმართავთ როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრებს.
მართლმსაჯულებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ აქამდეც გაგვიკეთებია განცხადებები, სადაც ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს, ამა თუ იმ ინსტიტუტს მივმართავდით. თუმცა, ჩვენი ადრესატი თქვენ აქამდე არ ყოფილხართ, რადგან ყველა ქვეყანაში საკუთარი ბედის შესახებ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყნის მოქალაქეები იღებენ, პარტნიორების ამოცანა კი კეთილი რჩევის მიცემა და მხარდაჭერაა.
თუმცა, ახლა გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ ჩვენი წუხილი, რადგან ვხედავთ რისკს, რომ თქვენი სახელის და რესურსის გამოყენება შესაძლოა იმ პროცესების ლეგიტიმაციისთვის მოხდეს, რომელიც არა დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას, არამედ ვიწრო ინტერესთა ჯგუფს და მათი გავლენების გაძლიერებას ემსახურება. ამ ქვეყნის მოსახლეობას უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე გამოცდილება აქვს. საზოგადოება კარგად აცნობიერებს, რომ დღეს სასამართლოში გარდამტეხი პროცესი მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები, არ აღმოჩნდა საკმარისი ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს შესაქმნელად.
დღეისათვის ქართულ მართლმსაჯულებაში შექმნილია არაორდინარული ვითარება. სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ხელშეწყობით და არასწორი რეფორმების შედეგად, სასამართლოს სისტემის სადავეებში მოექცა პირთა ვიწრო ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მის ხელთ არსებულ მექანიზმებს იყენებს არა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების, არამედ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის, სასამართლოს ნდობა დღითიდღე ეცემა, სასამართლო რეფორმა კი ჩიხშია შესული.
არსებულ ვითარებაში ილუზიაა იმის ვარაუდი, რომ სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობა გამოსწორდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებისა და წესების შემუშავებით. ერთადერთი გამოსავალი კლანის წევრების და საბჭოში მათი მხარდამჭერი 11 წევრის გადადგომა, ამის შემდეგ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაა. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ამჟამად მიმდინარე სამუშაო პროცესის გაცხადებული მიზანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის და კრიტერიუმების გაწერაა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული ფორმატის არადემოკრატიულობის და პრობლემური შემადგენლობის გამო, ბევრმა აქტორმა პროტესტი გამოთქვა 27 იანვარს გამართული შეხვედრის ფორმატთან და სამუშაო საკითხებთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში კი პარლამენტის მიერ ვრცელდება ინფორმაცია თქვენთან შეხვედრის და როგორც ჩანს, უკვე მომზადებული კანონპროექტის დეტალების განხილვის შესახებ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანონპროექტში გარკვეული ჩასწორებები სწორედ თქვენი რეკომენდაციების შესაბამისად შევიდა. არ ვიცით რამდენად ზუსტად ასახავს ეს ინფორმაცია თქვენი და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შინაარსს, თუმცა გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ შეხვედრაზე წინსწრებით, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, კანონპროექტისთვის მხარდაჭერა არ გამოგიცხადებიათ. კანონპროექტი, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ზოგადი პრინციპების დონეზეა ჩვენთვის ცნობილი, შექმნილია იმგვარად, რომ მან ფორმალურად გააფორმოს ის, რა შედეგის დადგომაც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ჰქონდა განზრახული. ვაფასებთ რა თქვენს განსაკუთრებულ როლს, ასევე თქვენს მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის პროცესში, ვითარების კრიზისულობის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ: - კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეაფასოთ სასამართლო რეფორმის შედეგები; - არ დაუშვათ, თქვენი სახელის გამოყენებით იმ პროცესის ლეგიტიმაცია, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებს არ ასახავს და არ ეხმიანება. - მხედველობაში მიიღოთ ის, რომ გამართული პროცედურები და კრიტერიუმები თავის მიზანს მიაღწევენ მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის, ხელახალი პლურალისტული წესით განახლების შემთხვევაში" - წერია მიმართავში.
• წერილს ხელს აწერენ:
მაია ბაქრაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
დათო ლაღიძე, თეთრი ხმაურის მოძრაობა
კახა წიქარიშვილი, იურისტი/სამართლის პროფესორი
ლია მუხაშავრია, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
ბესიკ სისვაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
თეა ხამხაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
ანა ნაცვლიშვილი, სამართლის პროფესორი, აქტივისტი
კახა კოჟორიძე, ადვოკატი
უჩა ნანუაშვილი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი
მაია მწარიაშვილი, თბილისის საოლქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე
ირაკლი კორძახია, ადვოკატი
ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე
რატი ამაღლობელი, პოეტი
იოსებ ბარათაშვილი, ადვოკატი
ვახუშტი მენაბდე, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნიკოლოზ ლეგაშვილი, იურისტი
დავით ჯანდიერი, სამართლის პროფესორი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის
ანალიტიკოსი
მამუკა ახვლედიანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე
ირაკლი გაბრიჩიძე, ადვოკატი
ლაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემია
თორნიკე ბაქრაძე, ადვოკატი/მედიატორი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კავშირი “საფარი”
• ევროპის ფონდი
• საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
• ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
• ღია საზოგადოების ფონდი
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
• სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
• საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
• საქართველოს გაეროს ასოციაცია
• მწვანე ალტერნატივა