საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს ეპარქიაშიც ადასტურებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული მღვდელი ცხინვალის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
სასულიერო პირი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს. ეპარქიის წარმომადგენლები დაკავებულ მღვდელთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.