ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. იურისტი დავით ჯანდიერი იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ხედვას გაითვალისწინებს. მისივე თქმით დეკანოზთან, პირველივე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საჩივრის შინაარსზე, სანამ სასამართლო შემდგომ პროცედურას არ დაიწყებს, საუბარი არ ექნებათ.
2017 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ არც ერთი მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე კი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.