მინდია ლავასოღლი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

01 თებერვალი 2019, 00:00 6115 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ძალაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლი დამნაშავედ ცნო. 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, წერია რომ მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა.

''მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით  აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრებას და განაწილებას, ქურდული სამყაროსა და სხვა პირებისათვის სარგებლის მისაღებად წყვეტდა მეწარმე სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავებს. გარდა ამისა, 2014-2015 წლებში მ.გ.-ს  კავშირი ჰქონდა  საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომელთაგან  პერიოდულად იღებდა ინფორმაციას  კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების  შესახებ, აძლევდა მითითებებს ქურდული სამყაროსათვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად და სხვადასხვა პრივილეგიების მოპოვების მიზნით'' - წერია განცხადებაში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გორაძე სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს დაემუქრა. შემთხვევა 2015 წლის 24 თებერვალს მოხდა.

''მ.გ. მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ,,რუსთავი 2-ის“ გადაცემა ,,განსხვავებული აქცენტები-ს“ ავტორს და წამყვანს,  უკმაყოფილება გამოთქვა 2015 წლის 14 თებერვალს სატელევიზიო ეთერში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის (ინფორმაციის) გამო და დაემუქრა მას, შემდგომში  თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან''.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ''ლავასოღლის'' 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

გათავისუფლდა თუ არა პატიმრობიდან მინდია ლავასოღლი? აღნიშნულ თემაზე აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 28 იანვარს მასალა მოამზადა. პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე აცხადებდა, რომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული მინდია ლავასოღლი ისევ იძებნებოდა. 

გასული წლის ოქტომბერში ე.წ. კანონიერი ქურდი ტრაპიზონში დააკავეს. 

პროკურატურის ცნობით, თურქეთის იუსტიციის სამინისტროდან მიღებული ბოლო წერილობითი ინფორმაციის თანახმად, მინდია ლავასოღლი საექსტრადიციო პატიმრობაშია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი