სახელმწიფოს სუბსიდირება საქონლის დაკვლის მომსახურებაში - ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ სასაკლაოზე ტენდერი წელსაც გამოაცხადა. ერთადერთი მონაწილე მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი სტანდარტების მქონე სასაკლაოა.
აქ ფერმერს საქონლის დაკვლა 80-პროცენტიანი თანადაფინანსებით შეუძლია. მიზანი მეცხოველეობის ხელშეწყობაა, რომელიც მიუხედავად სუბსიდირებისა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.
მთაში საქონელი საგრძნობლადაა შემცირებული, რაც დაბაში ბაზრებშიც შეინიშნება. ფერმერებს უჭირთ ტრანსპორტირება და საქონლის მოვლა - მთავარი მიზეზად კი უგზოობას ასახელებენ.