ეკომიგრანტი ოჯახები ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით შეძენილ სახლს, სამი წელი ვერ გაყიდიან

25 იანვარი 2019, 00:00 4467 ნახვა

ეკომიგრანტი ოჯახები, რომლებსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სახლი შეუძინა, სამი წლის განმავლობაში ვერ გაყიდიან. 

აჭარის მთავრობამ შესაბამის განკარგულებაში ცვლილება დღეს შეიტანა. 

რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საცხოვრებლის გაყიდვის შემთხვევები გახშირდა. ზაალ მიქელაძის განმარტებით, 30% შეადგენს იმ ოჯახების რიცხვი, რომლებმაც ორი წლის განმავლობაში, სამინისტროს მიერ შეძენილ ქონება, მალევე გაასხვისეს. 

აღნიშნული საკითხი, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა. სწორედ ამიტომ  გადაწყვიტა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკომიგრანტებისთვის შეზღუდვები დაეწესებინა.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს. 

წელს ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. დაგეგმილია 118 საცხოვრებლის შეძენა.  2017 წელს კი სამინისტრომ პროგრამის ბენეფიციარებისთვის 117 სახლი იყიდა. 

აქამდე პროგრამაში ვერ ერთვებოდნენ ის მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე ჰქონდათ მიღებული 10 000 ლარამდე დახმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვა მოიხსნა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ. საკომპენსაციოდ გაცემული თანხა კი მათთვის დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი