რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ''სოფლის მხარდაჭერის პროგრამა'' 2019 წელს აჭარაში არ განხორციელდებოდა, თუმცა დღეს პრემიერ მინისტრმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მსგავსი პროექტი რეგიონშიც იქნება. ამ ეტაპზე კი აჭარის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
''მე მაქვს ძალიან კარგი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მოხარული ვარ, რომ ეს პროგრამა აღვადგინეთ საქართველოს მასშტაბით და ამ ინიციატივის შედეგად მნიშვნელოვანი პროექტები დაფინასდება. ჩვენ აჭარის ხელმძღვანელობასთან ერთად ვსაუბრობთ მსგავსი ინიციატივის დანერგვაზე. ამ შემთხვევაში, კრიტერიუმები შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი პროექტი აჭარაშიც აუცილებლად განხორციელდება,”- თქვა ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ.
პრემიერს სხვა დეტალებზე დღეს არ უსაუბრია.
მაუწყებელმა აღნიშნულ თემაზე რეპორტაჟი 11 იანვარს მოამზადა. მუნიციპალიტეტების ნაწილში არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ ''სოფლის მხარდაჭერის პროგრამა'' წელს რეგიონში არ განხორციელდებოდა და ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით თანხები არ დაიხარჯებოდა.
პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სოფელში 5 000-დან 10 000 ლარის ღირებულების პროექტების დაფინანსება ხდებოდა. საჭიროებებს კი სოფლის მცხოვრებლები თავად განსაზღვრავდნენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში 2009 წელს დაიწყო და 2017 წლამდე მოქმედებდა.