#არაწითელს - ბათუმის სტადიონზე სავარძლების ფერთან დაკავშირებით სოციალური პროტესტი დაიწყო

16 იანვარი 2019, 00:00 6749 ნახვა

 გუშინ, 15 იანვარს, სოციალურ ქსელში "დინამო" ბათუმის ფანკლუბმა "შავი ზღვის  პირატებმა"​ ​ კამპანია წამოიწყო ჰეშთეგით #არაწითელს, #დინამოთეთრილურჯია​​

​სოციალური პროტესტი, როგორც ფანკლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც შპს "სტადიონის" ფეისბუქ გვერდზე ფოტო გამოჩნდა, სადაც, ნიმუშის სახით, სავარძლები წითელი, თეთრი და ლურჯი ფერების იყო. 

გულშემატკივრები ეჭვობენ, რომ შესაძლოა მშენებარე სტადიონის შიდა ნაწილი საფეხბურთო კლუბ "დინამო" ბათუმის და ზოგადად, ქალაქის ფერებში არ იქნება გადაწყვეტილი, რომელიც თეთრი და ლურჯია. 

"საფეხბურთო კლუბი "დინამო" ბათუმი 96 წელია არსებობს და მგონი იმსახურებს, რომ ქალაქის გუნდის ფერებში იყოს წმინდა საფეხბურთო მოედანი გადაწყვეტილი. წლებია ჩვენ ვითხოვდით სტადიონს, ყველა თამაშზე ვსკანდირებდით და ახლა არ გამოვა ისე, რომ გულშემატკივრების იგნორირებით გადაწყვეტონ ეს საკითხი. საიდან მოიტანეს წითელი ფერი არ ვიცი, "დინამო" ბათუმის ფერები ლურჯი და თეთრია, ქალაქის ფერებიც ასეთია, სტადიონის შიდა ფერებიც ასეთი უნდა იყოს.                         

გადახედონ სხვა ქვეყნების გამოცდილებას მაინც, მაგალითად იუვენტუსის მოედანზე შავი და თეთრი სავარძლებია,  ბარსელონაში ბროწეულის ფერი და ლურჯი და ა.შ. წარმოგიდგენიათ სხვა ფერებში რომ იყოს?" - გვითხრა მიშა რიჟვაძემ დინამო ბათუმის ფანკლუბის - "შავი ზღვის პირატების" წევრმა.  

ქომაგებმა და ბათუმელებმა კამპანია #არაწითელს  შპს სტადიონის ფბ გვერდზე წამოიწყეს. პოსტი, რომელზეც კომენტარები იწერებოდა, შპს "სტადიონის" გვერდიდან გვიან ღამით  წაიშალა. ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა და ქომაგებმა მათი პოზიციის იგნორირებად შეაფასეს. შპს "სტადიონმა" კი ოფიციალურად განმარტა, რომ პოსტი რამდენიმე შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარის გამო წაიშალა.  

ბათუმის სტადიონის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ როგორი ფერის სავარძლები განთავსდება სტადიონზე ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.  შპს "სტადიონის" დირექტორის მოადგილე ჯემალ ბოლქვაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ ცნობილია სავარძლის ტექნიკური მაჩვენებლები, ხარისხი, ფორმა და ა.შ. ფერთან დაკავშირებით კი, მოგვიანებით მიიღებენ გადაწყვეტილებას. 

"როგორც გითხარით არ არის ჯერ გადაწყვეტილება მიღებული სავარძლის ფერებთან დაკავშირებით, ნებისმიერი ვარიანტი შეიძლება იყოს მიღებული, ამაზე სამომავლოდ ვიმსჯელებთ," - ამბობს ჯემალ ბოლქვაძე.

აპირებენ თუ არა მოქალაქეების ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინებას? ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საჯარო განხილვები მოაწყონ, თუმცა დაზუსტებით ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. 

ბათუმი დინამოს ფანკლუბის - "შავი ზღვის​ პირატების"​ წევრები და გულშემატკივრები კი სოციალური ქსელში აგრძელებენ კამპანიას  #დინამოთეთრიდალურჯია.  ამბობენ, რომ თუ ბათუმელების და დინამოს გულშემატკივრების ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული, აქციები გარდაუვალი იქნება. 

ბათუმში სტადიონის მშენებლობა 2018 წლის 21 იანვარს დაიწყო. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი მოედნის ღირებულება 99 მილიონ 448 ათასი ლარია. უეფას IV კატეგორიის სტადიონის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში