შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ, 2-წლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა საპროტესტო აქციები განაახლოს. ამის შესახებ ის 40-მდე ოჯახი აცხადებს, რომლებიც განსახლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ჰესისთვის კაშხლის მშენებლობა დასრულდა, თუმცა მათთვის შექმნილი პრობლემები გრძელდება.
ირწმუნებიან, რომ სწორედ ჰესისთვის განხორციელებული სამუშაოების შედეგია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურება, წყლების დაშრობა და სახლების დაბზარვა.
სამუშაოებსა და ეკოლოგიურ პრობლემებს შორის კავშირს უარყოფენ „აჭარისწყალი ჯორჯიაში,“ კომპანიაში მათ მიერვე ჩატარებულ გეოლოგიურ კვლევებს იშველიებენ. ადგილობრივი მთავრობა კი მოქალაქეებს კვლავ 25000-ლარიან პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.