4 წელი ჩაუბარებელი იყო მანსარდის მშენებლობა, რომლის ჩამოვარდნამ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

10 იანვარი 2019, 00:00 3513 ნახვა

4 იანვარს, საღამოს, ძლიერმა ქარმა ჭავჭავაძის ქუჩის #39 სახლს სახურავი გადახადა. მოგლეჯილი კონსტრუქცია და თუნუქის ფილები ორ მამაკაცს დაეცა, ერთი გარდაიცვალა. 

9 სართულიან სახლზე მანსარდის მშენებლობის ნებართვა, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა 5 წლის წინ, 2014 წელს გაიცა, მშენებლობა კი 2015 უნდა დასრულებულიყო. 

ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე, რომელმაც დოკუმენტები გამოითხოვა ამბობს, რომ ნებართვა კი არის გაცემული, თუმცა დოკუმენტებში არ იძებნება მოხდა თუ არა მშენებლობის ჩაბარება. 

"აღნიშნული სახლზე მშენებლობა 2015 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მიღება ჩაბარება არ გაუკეთებია მერიას, არ შეუმოწმებია ამ სახლის სახურავი შეესაბამებოდა თუ არა პროექტს და იყო თუ არა საფრთხის შემცვლელი" - ამბობს ნოდარ დუმბაძე. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ინიციატივით გამოდის, რომ უახლოეს პერიოდში ბათუმის მერიაში შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ ტიპის ნებართვებს შეისწავლის. 

"ასეთი სახლი ბათუმში ძალიან ბევრია, მოვუწოდებ მერიას შექმნას სპეციალური კომისია, რომ გადამოწმდეს ასეთი ჩაუბარებელი მშენებლობები რამდენია, იმისთვის რომ ბათუმელები ვიყოთ  დაცულები უამინდობის დროს. 

ქალაქში ქაოსია მშენებლობის კუთხით, მერია გასცემს ნებართვებს და შემდეგ არ იბარებს, არ ამოწმებს რა ხდება. უამინდობის დროს,  გმირთა ხეივანში, სადაც ახალი სახლები შენდება  ცვიოდა სამშენებლო მასალები, ნივთები, ბევრი ავტომანქანა დაშავდა, ასეთი სიტუაციაა ბევრ ადგილზეა და ამას კონტროლი უნდა" - ამბობს დუმბაძე. 

ის ქალაქის მერის ლაშა კომახიძის მიერ განხორციელებულ რეორგანიზაციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბათუმში არსებული ისედაც სუსტი ზედამხედველობის სამსახური, პრაქტიკულად გააუქმა. 

" რეორგანიზაციის შემდეგ ლაშა კომახიძემ პრაქტიკულად გააუქმა ზედამხედველობის სამსახური, ადრე ამ სამსახურში ათეულობით ადამიანი მუშაობდა და ისინიც ვერ აუდიოდნენ ქალაქში ზედამხედველობის გაკონტროლებას, ახლა  უფრო შემცირებული სამსახური საერთოდ  ვერ აკონტროლებს სიტუაციას. შედეგად ვიღებთ იმას, რომ უხარისხო მშენებლობები, დარღვეული უსაფრთხოების ზომები, ჩაუბარებელი მშენებლობები გვაქვს, სადაც ხან ლიფტი ვარდება, ხან სახურავი ძვრება და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებათ" - ამბობს დუმბაძე.

განახლება: 5:00  გაითვალისწინებს თუ არა ოპონენტის ინიციატივას კომისიის შექმნის თაობაზე ბათუმის მერი უცნობია, ბათუმის მერის პრესამსახურში აცხადებენ, რომ ლაშა კომახიძე კომენტარს არ აკეთებს. 

რაც შეეხება ჭავჭავაძის 39 ნომერში გაცემულ ნებართვას, მერიაში ადასტურებენ, რომ მშენებლობა  ამ დრომდე არ არის ჩაბარებული და  სახლის ამხანაგობას ამის თაობაზე გაფრთხილებაც ჰქონდა მიღებული. 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი