საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს

06 იანვარი 2019, 00:00 1358 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს- განაცხადა დღეს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ.  მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ტომოსის გადაცემის შემდეგ ეკლესიაში შეკრებილებს სიტყვით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ მიმართეს.

ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა. მან ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემას ისტორიული მოვლენა უწოდა. მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს გუშინ ხელი მოაწერა. უკვე 7 იანვარს ტომოსს კიევში, წმინდა სოფიოს სახელობის ტაძარში გამოფენენ.  საკითხი მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა. სინოდის სხდომის დროს რუსეთის საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის საკითხის გამო მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს ლოცვებში აღარ მოიხსენიებდა. ასევე, მის წარმომადგენლებთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტდა. 

ამავე კატეგორიაში