ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი გამოიკითხა. მოზარდი შსს-ში მშობელთან ერთად იმყოფებოდა და მათ საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვეს. შსს-ს ცნობით, მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვის პროცესი.ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. მოგვიანებით პროკურატურამ სასამართლოს ორი ბრალდებული წარუდგინა, რომელთაგან ორივე გამართლდა დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ამან დიდი საპროტესტო ტალღა და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვია. ამას გარდა საქმის ხელახალი გამოძიება შსს-ს დაევალა, პარლამენტში კი უმცირესობის უმრავლესობით და თავმჯდომარეობით საპარლამენტო კომისია შეიქმნა.