გიორგი ბრწყინვალეს 57 ნომერში მცხოვრები ოჯახი, მეზობლად სახლის მშენებლობას აპროტესტებს

18 დეკემბერი 2018, 00:00 2250 ნახვა

გიორგი ბრწყინვალეს 57 ნომერში მცხოვრები ოჯახი, მეზობლად სახლის მშენებლობას აპროტესტებს.   სურგულაძეების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მეზობელთან საერთო კედელი აქვთ და მათი მშენებლობის გამო სახლის უკანა ფლიგელი დაზიანდა, დაიბზარა  კედლები.  

კახა სურგულაძის ინფორმაციით, სასამართლომ და მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მეზობელს, მამუკა ჯიჯავაძეს მშენებლობის ნებართვა შეუჩერა, თუმცა სამუშაოები მაინც გრძელდება. კახა სურგულაძე მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსსა და მამუკა ჯიჯავაძეს შორის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.

თავის მხრივ სურგულაძეების მეზობელი ჯიჯავაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბზარები სახლს მშენებლობის დაწყებამდე ჰქონდა. რაც შეეხება მერიის არქიტექტურის სამსახურს, ჯიჯავაძე აცხადებს, რომ მერიას თავად უჩივის ნებართვის უკანონო შეჩერების გამო. 

ბათუმის მერიის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე  დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება, ნებართვის მაძიებელს მიეცა წინადადება დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 20 (ოცი) დღის ვადაში მოეხდინა ობიექტზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი, მის მიერ მითითების პირობების შეუსრულებლობის გამო, უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის  თაობაზე, ამოიწერა სააღსრულებლო ფურცელი. საკითხი  აღსრულების მიზნით გადაგზავნილია  სააღსრულებო ბიუროში.

გარდა ამისა, ამ ეტაპზე, მერიის ინიციატივით, საკითხი გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზაზე. საკითხთან დაკავშირებით საბოლოო შეფასება  ექსპერტის მიერ არ გაკეთებულა.  დავა  მხარეთა შორის  მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოშიც.

ამავე კატეგორიაში