მძღოლი, რომელიც ახალსოფელში მომხდარი ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა 18 ნოემბერს მოხდა. ავარიის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა კვალის დაფარვის მიზნით ავტომობილი ნაწილებად დაშალა.
''შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ს. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ღამით, თავისი კუთვნილი ავტომანქანით ხელვაჩაურში, ჭარნალი-ახალსოფლის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს - 1970 წელს დაბადებულ ც.ს.-ს და 1962 წელს დაბადებულ დ.გ.-ს შეეჯახა და მიიმალა. ც.ს. ადგილზე გარდაიცვალა, დ.გ. კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი'' - წერია განცხადებაში.
პოლიციამ ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.