საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის პირად ტრაგედიას პოლიტიკური ჯგუფები და ''ნაციონალური მოძრაობა'' საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.
''ამ პირად ტრაგედიას იყენებენ, რომ შექმნან დესტაბილიზაციის მაგვარი, ცხადია ისინი ამას ვერ მოახერხებენ, მაგრამ დღეს ამის მცდელობა იყო და ეს ნათელია. ეს არის გზა, რომელიც ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' აირჩია. იციან, რომ დემოკრატიულად ხელისუფლებას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ ფიქრობენ ეს დესტაბილიზაციით გააკეთონ'' - განაცხადა ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გამოხატვის თავისუფლება არც ერთი მოქალაქისთვის ხელისუფლებას არ შეუზღუდავს.
დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიება ბოლომდე არის მისაყვანი.
''რაც შესაძლებელია სწარაფად უნდა იქნეს ყველაფერი გაკეთებული. აქ რომ ყველაფერი წესრიგში არ არის ჩანაწერებმაც აჩვენა. გარკვეულმა ჯგუფებმა შექმნეს აჟიოტაჟი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ტრაგედიასთან. ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს უნდა ჰქონდეს გამოხატვის შესაძლებლობა. მე მგონია, რომ ამას არავინ არ აუკრძალავს და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ექნებათ'' - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.
გია ჟორჟოლიანის თქმით, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდაჭერა არ სჭირდება.
''ზაზას მეც ვუცხადებ მხარდაჭერას და მეც მინდა ეს საქმე მაქსიმალურად სწარაფად იქნეს გამოძიებული, ხელისუფლებაც ამას ცდილობს, თუ რაღაცას ვერ ახერხებს სხვა საკითხია. მგონია რომ არ სჭირდებათ ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდაჭერა. მათ არაფერი გამოუძიებიათ, მხოლოდ დანაშაულს სჩადიოდნენ''.