სახალხო დამცველი თბილისის მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ პარლამენტის ტერიტორიაზე შეკრების შემთხვევაში, მათი კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ხელოვნური და კანონშეუსაბამოდ არგუმენტებით ხელი არ შეუშალონ. როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნავს, „სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მიუხედავად მოცემულ შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების არარსებობისა, ზაზა სარალიძემ თბილისის მერიას 1 ნოემბერს წერილით მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება და კარვების განთავსება მოითხოვა.
მიღებული პასუხის შესაბამისად, კი ეთხოვა, რომ 7 დეკემბრიდან შეცვალოს საპროტესტო აქციის ჩატარების დრო და ადგილი, რათა შეუფერხებლად გაიმართოს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია პარლამენტის შენობის წინ. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, ხოლო მსგავსი უფლებით სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობისა და საზოგადოების ღიაობის ხარისხს “ ნათქვამია განცხადებაში.