''ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს'' - პრემიერი

08 ნოემბერი 2018, 00:00 1815 ნახვა

ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ, თქვა ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერაა.

მთავრობის მეთაურია განმარტებით, პროცესების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც იციან.

''მინდა, გამოვეხმაურო სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება გახლავთ საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა 2008 წლიდან. ამ პროცესის შესახებ ინფორმირებულია ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია ამ პროცესებში. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს, რომელმაც ასეთი ოპერატიული რეაგირება გამოიჩინეს და შეფასება მისცეს ამ პროცესს“, – განაცხადა ბახტაძემ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსი სამხედროები რამდენიმე დღეა გამოჩნდნენ. ისინი ტერიტორიაზე რკინის ბოძებს ამონტაჟებენ. 

სოფლის ერთ ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, ახლა კი ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე მიმდინარეობს.

აღნიშნული ტერიტორია დასახლებული ადგილიდან, დაახლოებით ერთ კილომეტრშია. სოფლის მოსახლეობა მას საძოვრებად და სახნავ-სათეს მიწებად იყენებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი