ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილისგან განმარტებებს ითხოვს

03 ნოემბერი 2018, 00:00 1745 ნახვა

ზაზა სარალიძე საქართველოს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მასთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ზაზა სარალიძე ფეისბუქის გვერდზე წერს. მისი განცხადებით, შეხვედრაზე მზად არის ყველა კითხვაზე დეტალური განმარტება მისცეს.“გამოდიხართ და ბრძანებთ, რომ „ყველამ ხომ ვიცით, რომ ზაზა „ნაციონალების“ კოორდინატორიაო“, ეს სიტყვები ჩემთვის შეურაცხმყოფელია, ნუთუ თქვენ იმხელა პასუხისმგებლობასა და თანაგრძნობასაც არ გრძნობთ 16 წლის მოკლული ბავშვის მიმართ, რომ ცილისწამებას არ მიმართოთ.

დიახ ცილისწამებას, რადგან არასოდეს არც ერთი პარტიის კოორდინატორი არ ვყოფილვარ. ადგილს უნახავსო „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს აქციების გამართვის, ადგილის დაკავებაში დასჭირდათ ჩემი დახმარება. სასაცილოა სხვა თუ არაფერი. თუ ჩემი შვილის მკვლელობა ვერ უთანაბრდება გირგვლიანის საქმეს, რას იტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე? რომელიც სახელმწიფომ საწოლში ჩაცხრილა და გაურბიხართ თქვენც და თქვენი თანაგუნდელებიც პასუხი გასცეთ შვილმოკლულ მამას. ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა სახელმწიფოს ბინძური მანქანა, რის გამოც დღეს მე დაზარალებული შვილმოკლული მამა ბრალდებული ვარ. ბრალდებული პოლიციაზე თავდასხმაში, ირონიაა, არავინ კითხულობს რამ მიმიყვანა იმ კადრებამდე რაც მთელმა საქართველომ ნახა.“-წერს ზაზა სარალიძე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი