პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილთან მმართველი პარტიიდან კახი კალაძე და გია ვოლსკი იმყოფებოდნენ. სალომე ზურაბიშვილმა "მხარდამჭერებს, აქტივისტებსა და გულწრფელ დამცველებს" 28 ოქტომბერს მიღწეულ გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა.
"შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. ძალიან ბინძური კამპანიის მიუხედავად, რომელიც რუსულ ტექნოლოგიას ეკუთვნის.
რუსთავი 2 ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ მოვხსნა კანდიდატურა. და რა ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში, არა მე მგონია, არ მიცნობენ. კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული ვარ, ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვართ მეორე ტურისთვის...
მჯერა, რომ ყველა ხვდება დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს შორის, დღეს არჩევანი ორ საქართველო შორისაა. როგორი გვინდა იყოს საქართველო და ჩვენ ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ. მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ვიცით ჩვენს მხარესაა სიმართლე, ჩვენს მხარესაა ევროპა და საქართველოს თანამედროვე არჩევანი" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.