ტელეკომპანია ''კავკასიას'' ყადაღას მოუხსნიან - ნინო ჯანგირაშვილი

23 ოქტომბერი 2018, 00:00 1849 ნახვა

ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ საგადასახადო დავალიანების დაფარვის გრაფიკი გაფორმდა და შესაბამისად ყადაღა მოიხსნება.

''დამირეკეს ამ წუთას და მითხრეს რომ გრაფიკი გაფორმებულია. ანუ ყადაღაც მოიხსნება'' - დაწერა ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

"კავკასიის" ქონების დაყადაღების შესახებ ინფორმაცია დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 8 500 ლარი იყო დარჩენილი, რომელსაც მაუწყებელი გრაფიკით იხდიდა. 

"რახან უზარმაზარი ბიზნეს იმპერიების მფლობელებს არ ერიდებათ წუწუნი, დავალიანებებზე და გრაფიკებზე ღიად ლაპარაკი, მოდი მეც გეტყვით საინტერესო ამბავს, მითუმეტეს, რომ ხელისუფლების საინტერესო დამოკიდებულება იკვეთება კავკასიის მიმართ.  გუშინდელი მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო დავალიანება მიმდინარე, ანუ 15–ში დეკლარირებული და ძველი, ანუ გრაფიკით გადანაწილებული დავალიანება ჯამში შეადგენდა 12 540 ლარს. 

გრაფიკით დადგენილს ვიხდით ზუსტად. მიმდინარე დაგვიგვიანდა. ხოდა, აი დღეს უკვე გამოსცეს ტელეკომპანიის დაყადაღების ბრძანება. რასაც გულისხმობს შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. პრაქტიკულად ტელევიზიის პარალიზებას. ამჟამად დავალიანება შემცირებულია 8500 ლარამდე და დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად მივმართეთ საგადასახადოს. ვნახოთ რას იზამენ.

კობახიძის სპეტაკი სახით გაკეთებულ კომენტარი წარმომიდგენია ამ თემაზე და ამიტომ წინასწარ გავცემ პასუხს: თქვენი დეპუტატებივით ფოკუზნიკი კი არ ვარ მიზერული შემოსავლებით სასწაულები მოვახერხო. დამოუკიდებელი მედია სულს ღაფავს ამ ქვეყანაში. მადლობა ბატონო ბიძინა სისხლიანი რეჟიმისგან, რომ გაგვათავისუფლეთ" - წერდა კავკასიის მფლობელი და დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი