სარგებლობენ თუ არა ბანკებთან შეღავათიანი გადავადების პირობებით ფერმერები - საკითხის მონიტორინგის მიზნით სოფლის მეურნეობის მინისტრი ფერმერებს შეხვდა. საუბარია აგრო სესხით მოსარგებლეებზე, რომლებმაც მოსავლის დაზიანების გამო თხილის მოვლისთვის აღებული სესხი ვერ დაფარეს.
მინისტრის განცხადებით, საბანკო სექტორთან მოლაპარაკებების შედეგად ადგილობრივებს გადავადებისთვის დამატებითი პროცენტის გადახდა არ მოუწევთ.
შეხვედრაზე ფერმერებმა მცენარეთა მოვლის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაზეც ისაუბრეს. მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან დაგეგმილია მობილური ლაბორატორიების ამოქმედება, სადაც მცენარის დაზიანების შესახებ ინფორმაციას და რეკომენდაციებს ფერმერები ადგილზე მიიღებენ.