მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა. "დიზაინერების ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამიტომ მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის უხერხულობა. ეს არის საქართველოს რუკა და საქართველოს ისტორია“ - განაცხადა რიჟვაძემ და სცენაზე გატანილი ჩარჩოში ჩასმული საქართველოს რუკა რუსეთის საჭადრაკო დელეგაციას გადასცა.
საჭადრაკო ოლიმპიადაზე რუსეთის დელეგაციის მიერ დარიგებულ სასაჩუქრე რუკებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში არ იყო აღნიშნული.
რუსეთის დელეგაციამ თქვა, რომ ეს ფაქტი დიზაინერების შეცდომა იყო და არა პოლიტიკური ჟესტი.