ოკუპირებული ტერიტორიები და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა იყო მამუკა ბახტაძისა და ავსტრიის ფედერალური კანცლერის შეხვედრის მთავარი თემა. საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმასაც.
მთავრობის მეთაურმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერს საკუთარი ხედვა გააცნო და განსაკუთრებით აღნიშნა ავსტრიის,როგორც პროფესიული განათლების სფეროში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა მამუკა ბახტაძემ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან გამართა. ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს დავით ზალკალიანმა და აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა მოაწერეს ხელი.