7 დღეში ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავეს

27 აგვისტო 2018, 00:00 2536 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო ერთ კვირაში ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავა. 

სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ირანის რესპუბლიკის 5 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით აიყვანეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კი 15 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი აიყვანეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი „სუბოქსინი“ და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღო.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. ორივე მათგანისგან ამოღებულია 8 შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, 700 გრამამდე „ჰეროინი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ი.ი., რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები: კოკაინი, კეტამინი და ამფეტამინი. 

''გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დაკავებულია 2 პირი. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკი: 25 აბი „ექსტაზი“, ასევე, „ამფეტამინი“, „მდმა“ და „LSD“. ფონიჭალაში ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დაკავებულია 1 პირი. პოლიციამ დაკავებულისგან საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. სამართალდამცველებმა, ორთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 იანვრიდან დღემდე, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 99 პირი დააკავა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი