“ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობას კომპანია “ორბი ჯგუფის” მფარველობასა და მასთან კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. საუბარია ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის გვერდით, მიმდინარე მშენებლობაზე. ოპოზიციის მტკიცებით, კომპანიამ სახელმწიფოსგან შესყიდული ტერიტორიის მომიჯნავედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნაკვეთიც შემოსაზღვრა და მშენებლობა დაიწყო. კომპანია ბათუმის მერიამ გააფრთხილა და უკანონო მშნებლობის მოშლა მოსთხოვა. ოპოზიცია მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს და ასევე მიმართავს აუდიტის სამსახურსაც. “ნაციონალური მოძრაობა” თავის დროზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის დაბალ ფასში გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე, გაზრდილ კა ორი კოეფიციენტსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ბეტონის საამქროს კანონ საწინააღმდეგოდ განთავსებაზე საუბრობს.
ოპოზიციას ბათუმისა მერიაში პასუხობენ. განმარტავენ, რომ უკანონო მშენებლობის საქმე ამ ეტაპისთვის აღსრულების ბიუროს გადაეცა, რომელსაც თვითმმართველობამ მიმართა. ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კომპანიას მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმრო კომპლექსი შენდება აუდიტის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულებით 7 მილიონად, 200 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით გადაეცა.
კომპანია ორბის გენერალური დირექტორის განცხადებით, გაუგებარია რაში ხედავს ოპოზიცია კომპანიის მფარველობას, როცა სასტუმრო კომპლექსი კანონის შესაბამისად შენდება და კომპანია რეგიონში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. რაც შეხება სახელმწიფო საკუთრებაში დაწყებულ მშენებლობას, „ორბში“ განმარტავენ, რომ მერიის მითითების შემდეგ სამუშაოები შეაჩერეს და საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სარგებლობის უფლება მათ ფართის იმჟამინდელი მფლობელი კომპანია „მწვანე ხეივანისგან“ ჰონდათ, თუმცა მოგვიანებით ამ კომპანიას იჯარით აღებული ნაკვეთი, ეკონომიკის სამინისტრომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩამოართვა. კომპანია „ორბმა“ ეკონომიკის სამინისტროს მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების გადაცემის თხოვნით უკვე მიმართა და სამინისტროს პასუხს ელოდება.