რუსეთის აგრესიიდან 10 წლის თავზეც მცოცავი ოკუპაცია გრძელდება - 4 სახელმწიფოს კომუნიკე

07 აგვისტო 2018, 00:00 2041 ნახვა

4 ქვეყანამ, რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ სპეციალური კომუნიკე მიიღეს. ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთისა და უკრაინის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოთხი ქვეყანა უპირობოდ და უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

10-პუნქტიან კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ ყველა ქვეყანას სრული უფლება აქვს, თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა და აირჩიოს ალიანსები, რომლებშიც გაწევრიანდება.

„წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ევროპაში სახელმწიფოების სუვერენიტეტი  შეზღუდული იყო, თუმცა თანამიმდევრულობა და სიმტკიცეა აუცილებელი ევროპული ღირებულებების და პრინციპების მათგან დასაცავად, ვინც მათ შელახვას ცდილობს. „ზეგავლენის სფეროების“ პოლიტიკის დაბრუნება დაუშვებელია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მეგობარი სახელმწიფოები, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის გაგრძელების საკითხზეც აკეთებენ აქცენტს. კომუნიკეში წერია, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე, კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

„საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ე.წ. მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებთან კვაზი შეთანხმებები გააფორმა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთთან ინტეგრაციისკენ არის მიმართული. რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების მხრიდან საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების ხელოვნური პროცესი გრძელდება და ეს ხდება რუსეთის კარნახით. ჩვენ უარვყოფთ ასეთ ნაბიჯებს და არასდროს ვაღიარებთ ამ ქმედებების შედეგებს“, – ნათქვამია კომუნიკეში.

ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და უკრაინა ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება.

ამავე კომუნიკეში ოთხი ქვეყანა მიესალმება ქართველი ხალხის ევროკავშირისადმი და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი ნდობას და მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში