"მე მივიღე გადაწყვეტილება, ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი, თუ ვინმე დამიჭერს მხარეს ვიქნები მადლობელი, თუმცა სხვის ნაცვლად ვერ გაგცემთ პასუხს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დღეს ოფიციალურად დაადასტურა მისი სურვილი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.
"მქონდა ჩემი შვილის ქორწილი, რაც იმას ნიშნავს რომ მალე იქნება შვილიშვილებიც, მათთვის ვერ მოვიცლი და ამიტო ვფიქრობდი, ჩავერთო თუ არა საპრეზიდენტო მარათონში. მაგრამ მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე, ყველას წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, შემდეგ კი ეს დამოუკიდებლობა დიდხანს ვერ აცოცხლეს, რომ ჩავერთო ამ ბრძოლაში. ჩემს ოჯახში ბევრი იყო, რომლებიც ჩემზე მეტად იყვნენ მზად ყოფილიყვნენ ღირსეული პრეზიდენტები ან სახელმწიფო მოღვაწეები, მაგრამ ვერ შეძლეს. მე მათ წინაშე მაქვს ვალი და ამიტომ ვერთვები ამ მარათონში.
ეყოფა ამ ქვეყანას ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა, არ მეგულება სხვა ქვეყანა რომელმაც ნახევარ საუკუნეში ამდენი ტერიტორია დაკარგა" - განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, სადაც ისაუბრა პრეზიდენტის რანგში მის მთავარ გამოწვევებზე.
აქცენტი მან ქვეყნის გაერთიანებაზე გააკეთა:
"გაერთიანება ნიშნავს, რომ არ ვიყოთ ყოველდღიურად დაყოფილი ყველა საკითხზე. გვჭირდება მეტი სოლიდარობა და მთავარ თემებზე გაერთიანება, თორემ ხეირობს მხოლოდ მტერი. ამაზე ყველამ უნდა ვიმუშაოთ, ეს არის ჩვენი მოვალეობა.
მეორე გაერთიანების ასპექტი არის პარტიები. მსოფლიოში პარტიების ეპოქა დასრულდა, თუმცა ჩვენთან ყველაფერი გვიან ხდება. პარტიების ნეგატიური ასპექტები ვიცი, როცა პარტიის შიდა კინკლაობის გამო, გარე გადის შიდა პრობლემები.
მესამე ასპექტი ეს არის ემიგრანტები - გაერთიანება დიასპორების, ვინც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ მესამედს თუ მეოთხედს, არც ეს ვიცით ზუსტად. ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის კაპიტალია. ჩვენ არ ვართ დღეს მზად, რომ მათ ვუთხრათ დაბრუნდითო, თუმცა უნდა გამოვიყენოთ ისინი (ეს ცუდი სიტყვაა) ქვეყნის განვითარებაში. ასევე უნდა ვიღონოთ ნაკადი, რომელითაც გარეთ გადის ჩვენი თანამოქალაქეები, შეჩერდეს.
გაერთიანება ქვეყნის, სახელმწიფოსი, ოღონდ ეს არ უნდა გავიგოთ მარტივად, მხოლოდ ტერიტორიების გაერთიანებად. ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ აფხაზეთსა და ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებლების შემოერთებაზე, შემორიგებაზე, არაფერი გამოვა. ჩვენ მათთან ერთად უნდა დავინახოთ ჩვენი განვითარება, მათ გარეშე ტერიტორიები არაფერს ნიშნავს" - ამბობს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გახდეს ის, რაც თავად დაბადებიდან. "საქართველო უნდა გახდეს ის, რაც მე ვარ დაბადებიდან. ანუ ევროპული. მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ განცხადება, მკვდარი ლოზუნგი, არამედ ეს ევროპულობა ჩვენს ყოველდღიურობაში უნდა გავატაროთ. რაც იყო ჩვენში და აშენებდნენ ევროპულ სახელმწიფოს ჩვენი წინაპრები.
შეიძლება საქართაველოს ჰყავდეს მეზობლები, ვისთანაც დაალაგებს ურთიერთობას, მაგრამ მისი ბუნებრივი მდგომარეობაა ევროპულობა და შევეცადოთ ჩავატარო ევროპული არჩევნები.
არ იყოს ლანძღვა გინება, რაც ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მაინც. ვისაუბროთ თემებზე, რა ხედვა აქვთ არსებულ საკითხებზე კანდიდატებს და ამის მიხედვით მიიღოს საზოგადოებამ გადაწყვეტილება" - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუშვა იმ ფაქტს, რომ შეიძლება ქალი პრეზიდენტი იყოს უფრო შემწყნარებელი, ვიდრე მამაკაცები, რომლებიც კინკლაობაში არიან ჩართულები. "მე ვეცდები, რომ მივაღწიო ქვეყანა გახდეს უფრო სტაბილური" - განაცხადა ზურაბიშვილმა.