მიკროავტობუსების მძღოლებისთვის ბათუმის მერია კონკურსს აცხადებს

13 ივლისი 2018, 00:00 2782 ნახვა

სამარშრუტო ტაქსის მძღოლების პროტესტიდან 16 დღის შემდეგ, მერიამ დაანონსებული კონკურსი ოფიციალურად გამოაცხადა.  ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება, 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.

''ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწი­ლე­თა განცხადებების მიღება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად იწარმოებს ქ. ბა­თუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების განყოფილებაში 2018 წლის 30 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, მისა­მართზე: ქ. ბა­თუმი, ლ. ასათიანის ქ. N25'' - წერია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მიკროავტობუსის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება კი, 10 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით მოხდება.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდში კონკურსში მონაწილე პირებს დამატებით, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასების განრიგი,  სამარშრუტო ხაზების მიხედვით ზუსტად ეცნობებათ.

ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლები 28 ივნისს გაიფიცნენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეებს არ ემსახურებოდნენ.

მძღოლები სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაციას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ბათუმის მერია მათ სამსახურის გარეშე ტოვებდა. 

რამდენიმე დღეში, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მძღოლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მოგვიანებით კი, განაცხადა, რომ მოლაპარაკება შედგა. 

მერმა, 2 ივლისს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ მგზავრთა გადამყვან კომპანიებს არჩევანის სრული თავისუფლება აქვთ. მათზეა დამოკიდებული ხაზების შემცირების შემდეგ, 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ, დღე ჩაგდების პრინციპით იმუშავებენ, თუ რაიმე სხვა ალტერნატიულ საშუალებას გამოძებნიან

ქალაქის სატრანსპორტო ქსელის გამართვისა და როგორც მერიაში ამბობენ, ქაოსური მოძრაობის აღმოსაფხვრელად სამარშრუტო მიკროავტობუსების განახევრება იგეგმება. ახალი სქემა კონკურსის დასრულების შემდეგ შევა ძალაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი