უმაღლესი საბჭოს დეპუტატის დავით ბაციკაძის თქმით, უმრავლესობის წევრები საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ სხვა კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ, თუმცა განმარტავს, რომ გიორგი მარგველაშვილს შეხვედრაზე საკუთარი კანდიდატურა არ დაუსახელებია.
დავით ბაციკაძე იმედოვნებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, პრეზიდენტი თორნიკე რიჟვაძეს წარადგენს.
''პრეზიდენტმა ჩვენი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ვფიქრობ, როგორც ორჯერ ზურაბ პატარაძის შემთხვევაში იყო, ასევე მოიქცევა თორნიკე რიჟვაძესთან მიმართებაშიც. არა მგონია მიხეილ სააკაშვილზე უარესად მოიქცეს. არჩევნების წაგების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა უმაღლეს საბჭოს გამოუგზავნა ის კანდიდატურა, რომელიც უმრავლესობას უნდოდა'' - ამბობს ბაციკაძე
კითხვაზე, რა მოხდება თუ გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის რჩეულს წარადგენს? ბაციკაძე ამბობს, რომ აჭარაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება.
''კანონით შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტმა ის კანდიდატურა წარმოადგინოს, ვინც მას უნდა, მაგრამ სწორი იქნება პატივი სცეს აჭარის მოსახლეობის გადაწყვეტილებას. დღეს უმრავლესობას წარმოვადგენთ ჩვენ, ''ქართული ოცნება'' და შესაბამისად ოცნების დასახელებული კანდიდატი უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ გიორგი მარგველაშვილი წარმოადგენს სხვა კანდიდატურას დამიჯერეთ აჭარაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება. უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ სხვა კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს''.
საქართველოს პრეზიდენტმა უმრავლესობასთან კონსულტაციები უკვე დაასრულა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.