პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატებმა საკუთარი ნება უკვე გამოხატეს

24 ივნისი 2018, 00:00 1695 ნახვა

თურქეთის მთავარმა ოპოზიციონერმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა მუჰარემ ინჯემ და მერალ აკსენერმა საკუთარი ნება უკვე გამოხატეს.  დღევანდელი არჩევნები პრეზიდენტ ერდოღანისა და მისი მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიისთვის  15 წლიანი მმართველობის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა. არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი  უფრო ფართო უფლებამოსილებით ისარგებლებს. საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლებელი გახდა  2017 წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომელსაც თურქმა ამომჩევლებმა ხმების მცირე უპირატესობით დაუჭირეს მხარი. 

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს მომავალში ნატოს წევრი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეაფერხებს და დიქტატურას გაამყარებს.  თურქეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე პოპულარულმა ლიდერმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა 2019 წლის ნოემბერში  დანიშნული არჩევნები წელიწადნახევრით ადრე გადმოიტანა. მიღებული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ ახალი უფლებამოსილება მას  ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას მისცემს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქული ლირა  დოლართან მიმართებაში 20 პროცენტით გაუარესდა.

ამას გარდა,  ერდოღანს თურქეთის სამხრეთ - აღმოსავლეთსა და მეზობელ ერაყსა და სირიაში ქურთ მეამბოხეებთან შეთანხმების მისაღწევად ძლიერი ძალაუფლება სჭირდება.  თუმცა ერდოღანს მხედველობაში არ ჰყოლია  საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მეტოქე რესპუბლიკური ხალხთა დემოკრატიის პარტიიდან მუჰარემ ინჯე, რომელმაც აქტიური წინასაარჩევნო კამპანიით დიდი ხნის განმავლობაში დაშლილი ოპოზიციის გაერთიანება და გამოცოცხლება შეძლო. თურქეთში  კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო და 17 საათამდე გაგრძელდება. 81 მილიონიან ქვეყანაში 60 მილიონამდე მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს. 

გამოკითხვების თანახმად, ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობას ვერ დააგროვებს, თუმცა კენჭისყრის მეორე ტურში გაიმარჯვებს. მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს, რაც შესაძლოა მომავალ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის  დაძაბული ურთიერთობის მიზეზი გახდეს.  პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი პროქურთული სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერი სელაჰატინ დემირტაშია, რომელიც ამჟამად ტერორიზმის ბრალდებით ციხეში იმყოფება. ის წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.  თუ პროქურთული პარტია პარლამენტში მოსახვედრად 10 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, მმართველ პარტიას მანდატების უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება.

ამავე კატეგორიაში