არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველ მუსლიმთა კავშირი" ზაზა სალარიძეს მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ სარალიძის და მაჩალიკაშვილის სიცოცხლის სასტიკი ხელყოფის საქმეები არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ინდივიდუალური დარღვევის ფაქტები ლუსტრაციაა საგამოძიებო ორგანოებისა და მართლმსაჯულების სისტემის არა ეფექტურობისა და უსამართლობის.
"ქართველი მუსლიმების სახელით ვეხმაურებით ბოლოდროინდელ მოვლენებს, შვილმკვდარი მამის, ზაზა სარალიძის გულწრფელ პროტესტს და სოლიდარობას ვუცხადებთ მას და მის ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისათვის!
ჩვენთვის ნაცნობია მეორეხარისხოვან მოქალაქედ ყოფნის გრძნობა, როცა შენსავე ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ, რომ პრივილეგირებულ სოციალურ ჯგუფს არ მიეკუთვნები, შეიძლება ხელი არ მიგიწვდებოდეს ისეთ ბაზისურ საჯარო სიკეთეებზე, როგორიცაა სამართლიანობა და თანასწორობა. სახელმწიფოს გულგრილობა, დაუცველობა, საგამოძიებო ორგანოების არაეფქტურობა და დაუსჯელობის შეგრძნება უცხო არ არის მუსლიმი ადამიანებისთვისაც.
ამ პროცესში არ შეიძლება არ გამოვყოთ ჩვენი მუსლიმი ძმის და საქართველოს სანიმუშო მოქალაქის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გამოხატული თანადგომისა და სოლიდარობის უპრეცედენტო აქტი. ვიმედოვნებ ეს ნაბიჯი, როცა თვითონ შვილმკვდარი მამა, მეორე შვილმკვდარი მამის გვერდით დგება და მის ტკივილს იზიარებს, იქნება ბიძგი სამომავლოდ მუსლიმი და არამუსლიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის გაერთიანების საერთო ტკივილის და უსამართლობის ირგვლივ.
სარალიძის და მაჩალიკაშვილის სიცოცხლის სასტიკი ხელყოფის საქმეები არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ინდივიდუალური დარღვევის ფაქტები, ის ლუსტრაციაა საგამოძიებო ორგანოებისა და მართლმსაჯულების სისტემის არაეფექტურობისა და უსამართლობის. მსგავსი სახელმწიფო, ვინც არ უნდა იყოს მისი ხელისუფლების სათავეში, საკუთარ თავშივე ეწინააღმდეგება სახელმწიფოს არსებობის იდეას და წარმოადგენს საშიშრობას ყველა ადამიანისთვის. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას უჭირს სწორად შეაფსოს შექმნილი კრიზისული სიტუაცია და ის პოლიტიკური და სოციალური მიზეზები, რომელიც ათასობით ადამიანში პროტესტის ღრმა განცდას იწვევს, არსებული არაჰუმანური და უსამართლო პოლიტიკის მხილება ყველა ჩვენთაგანის ვალდებულება უნდა გახდეს!
ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ შვილმკვდარი მამების ბრძოლა! ეს არის ყველა ჩვენთაგანის ბრძოლა სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის! სამართლიანობისთვის სწორედ ასეთი ბრძოლები ქმნის ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას უფრო დემოკრატიულს, სამართლიანს და თანასწორს!" - წერია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აწერს ხელს.