მთავარი პროკურორის მოვალეობას მამუკა ვასაძე შეასრულებს

31 მაისი 2018, 00:00 1871 ნახვა

მთავარი პროკურორის მოვალეობას მამუკა ვასაძე შეასრულებს. ვასაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომამდე მისი პირველი მოადგილე იყო.

კანონმდებლობის თანახმად, მამუკა ვასაძე მთავარი პროკურორის მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე პარლამენტი ახალ მთავარ პროკურორს არ დაამტკიცებს.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურები ირაკლი შოთაძისთვის უფლებამოსილების ოფიციალურად შეწყვეტისთანავე დაიწყება.

მთავარი პროკურორის არჩევის წესის თანახმად, მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, ხოლო, თუ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადის გასვლამდე შეუწყდა – უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

მთავარი პროკურორის კანდიდატურას საპროკურორო საბჭო ირჩევს. საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის მიერ თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული კანდიდატურა ასარჩევად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა არჩეულად ჩაითვლება, თუკი მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატების მიმართ სრული პროცედურა თავიდან გამეორდება.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. ირაკლი შოთაძის გადადგომა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.

წყარო: 1TV.GE

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი