არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძე გადადგომას მოითხოვს.
"ვეხმიანებით ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო, საქმეზე არასათანადო ზეგავლენის არსებობის შესახებ, საზოგადოებაში არსებული კითხვებისთვის დამაჯერებელი პასუხების გაცემა. სასამართლოს მიერ საქმეზე გამოტანილი განაჩენიც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა საქმის სრულყოფილად გამოძიება.
საზოგადოებაში წლებია არაერთი კითხვა არსებობს გახმაურებული საქმეების მიუკერძოებლად და არასრულყოფილად გამოძიების თაობაზე, რაც პროკურატურის მიმართ ნდობის შემცირების მიზეზიც გახდა. პროკურატურას ამჟამად დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა, ხოლო უწყების დღევანდელ ხელმძღვანელობას არ აქვს ამ ნდობის დაბრუნების უნარი. ამ ვითარებაში, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს თანამდებობიდან" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.