12 ხმით 6-ის წინააღმდეგ - აჭარის უმაღლესმა საბჭომ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 20 მილიონ 521 ათას 500 ლარით გაიზარდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, მიიჩნევენ, რომ იგი საზოგადოებრივ ინტერესებს არ ასახავს. ასევე აცხადებენ, რომ ზრდა ნაწილობრივ გასული წლის ნაშთმა გამოიწვია.
ოპონენტების კრიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის. “ქართული ოცნების” წევრები ფიქრობენ, რომ ბიუჯეტი სწორადაა დაგეგმილი და ზრდის შედეგად მნიშვნელოვანი პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. მათ შორის მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. თანხები დაემატება საგზაო დეპარტამენტს. ათ მილიონ ლარამდე კი კაპიტალური ტრანსფერის სახით მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 375 მილიონ 521 ათას 500 ლარს შეადგენს.