''sos!'' - ''თურქმა ბიზნესმენებმა მოგვატუეს'', ''ჩვენ გენდეთ, თქვენ მოგვატყუეთ'', ''20 ოჯახი ელოდება ბინას, შეასრულეთ დანაპირები'' - კახაბრის დასახლებაში, საქველმოქმედო ფონდ „კეთილი სოფლის" პრეზიდენტი მე-15 დღეა შიმშილობს.
მიშო ტყებუჩავა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 პირისთვის განკუთვნილი 5 სართულიანი სახლის მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებს.
მისი განცხადებით, 2014 წელს ''თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ'' სიკეთის სახლის მშენებლობის დაფინანსება საკუთარი ხარჯებით გადაწყვიტა, თუმცა პირობას არ ასრულებენ. ობიექტზე სამუშაოები გასულ წელს შეჩერდა.
პრეზიდენტი კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობს. იგი ყვება, რომ რამდენიმე კომპანიამ პროცესებიდან გამოთიშვის მიზეზად ფინანსური კრიზისი დაასახელა.
წლების წინ, ბიზნესმენებთან სიტყვიერი შეთანხმება დაიდო და იურიდიული დოკუმენტი არ გაფორმებულა.
მიშო ტყებუჩავას თქმით, თურქეთის გენერალური კონსული ბიზნესმენებთან მოლაპარაკებაში ჩართვას დაჰპირდა და პროექტის დეტალური ანალიზი მოთხოვა.
ფონდის პრეზიდენტი მოლაპარაკებების პროცესში ჩართვის მოთხოვნით წერილის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა დ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც გაუგზავნის.
პროექტის მიხედვით, კახაბრის დასახლებაში ხუთსართულიანი სახლი უნდა აიგოს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრიც განთავსდება.