''ვფიქრობთ, რომ პროექტის განხორციელება არა მუქარითა და დაძალებით, არამედ კონსტრუქციული მიდგომის შემთხვევაშია შესაძლებელი. შემთხვევაში უფრო მარტივად დადგება შედეგი,'' - ასე უპასუხეს თურქეთის საკონსულოში აქციის ორგანიზატორებს, რომლებიც ''სიკეთის სახლის'' მშენებლობის დასრულებას აქციებითა და შიმშილობით ითხოვენ.
თუქეთის საკონსულოში ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურესი ზომის გამოყენებამ ისინი დაამწუხრა.
''ბატონი მიხეილ ტყებუჩავას მიერ არჩეულმა მეთოდმა დაგვამწუხრა, ვიმედოვნებთ, რომ ის გაუფრთხილდება თავის ჯანმრთელობას და სასწრაფოდ დაასრულებს ამას. მეორეს მხრივ, გენერალური საკონსულოს მხრიდან რომელიმე ბიზნესმენის შემოწირულობის გაღებაზე დაძალება, არის შეუძლებელი და კანონსაწინააღმდეგო''.
საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტს იურიდიული ძალა არ ჰქონდა. სწორედ ეს ხარვეზი იყო გამოსასწორებელი.
''თურქმა ბიზნესმენებმა საქართველოში მრავალ საქველმოქმედო საქმიანობას მხარი დაუჭირეს. იგივე შეიძლება ითქვას კეთილსოფლის პროექტთან მიმართებაში, პროექტის ორი სართული დასრულებულია თურქი ბიზნესმენების შეტანილი წვლილით. ჩვენი შეფასებით, უფრო სასარგებლო იქნება, ფონდმა გადალახოს პრობლემები, დაკავშირებული იმასთან, რომ პროექტი არ იყო დოკუმენტირებული, როგორც იურიდიული ძალის მქონე, დაფუძნებული გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე'' - წერია განცხადებაში.
პროექტის მიხედვით, კახაბრის დასახლებაში ხუთსართულიანი სახლი უნდა აიგოს, ხოლო ბინები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირს უნდა გადაეცეს. მშენებლობის დაფინანსების პირობა „მეტრო ჯორჯიამ“ და „ლეოგრანდმა“დადეს, თუმცა პროცესი ორი წელია შეჩერებულია.