შსს: ''დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს''

08 მაისი 2018, 00:00 2395 ნახვა

ყველა სახის ნარკოტიკული საშუალება კლავს - ეს გზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა, სადაც ნარკოტიკების ინტერნეტრეალიზატორების დაკავებისა და დიდი ოდენობის ნარკოტიკების ამოღების ფაქტებზე ისაუბრა. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ - არა. ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება" - განაცხადა მეზვრიშვილმა.

დამატებით კითხვებს, რომელიც ბოლო პერიოდში ახალგაზრდების ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ დაღუპვას უკავშირდებოდა, მეზვრიშვილმა არ უპასუხა.

თბილისში, ბოლო პერიოდში 10-ზე მეტი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი, გარდაცვალებამდე ღამის კლუბში იმყოფებოდა და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებები მიირეს, რომელსაც მსუბუქ ნარკოტიკად მოიხსენიებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი