მახინჯაურში, ქვეითად მოსიარულე ორ ახალგაზრდას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი 15 წლის მოზარდია, იგი ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს. მეორე კი, 18 წლის ბიჭი, რეფერალურ სავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი მათგანი რეფერალურ საავადმყოფოში ღებინებისა და თავბრუხვევის სიმპტომებით შეიყვანეს: "პაციენტს ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნება. იგი გადაყვანილია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება" - გვითხრეს კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.