ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს

04 მაისი 2018, 00:00 2326 ნახვა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ის მიმალვაში იმყოფება და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის იანვარში გ.ს. ტრეფიკინგის განზრახვით, უზბეკეთში მყოფ  მოქალაქეს დაუკავშირდა.  საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში რესტორანში მიმტანად დასაქმებას და მაღალ ანაზღაურებას დაჰპირდა. ბათუმში ჩამოსულს კი, პასპორტი ჩამოართვა და პროსტიტუციაში ჩააბა.

გ.ს.-ს დაზარალებული სისტემატიურად დაჰყავდა ბათუმში და ხელვაჩაურში მდებარე ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში, ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.

‘’2018 წლის 4 თებერვალს გ.ს.-მ საქართველოში ჩამოსული  მ.ხ.  საცხოვრებლად მოათავსა ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით, იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა. 2018 წლის 4 თებერვლიდან 11 მარტამდე, სექსუალურ ექსპლუატაციის მიზნით, გ.ს.-ს დაზარალებული სისტემატიურად გადაჰყავდა ქ.ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში, ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა’’ - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებული 3 მაისიდან ძებნაშია. მისთვის წარდგენილი ბრალდება თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში