საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს ქვეყანაში არსებულ დასაქმების პრობლემაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ადამიანები სამსახურს სიცოცხლის ფასად ინარჩუნებენ. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს.
‘’არ მინდა სტატისტიკურ დებატებში შესვლა თუ რამდენი არის უმუშევარი და რამდენია დასაქმებული, მაშინ როდესაც სტატისტიკა ეფუძნება მაგალითად, ასეთ განსაზღვრებას: ‘’წინა შვიდი დღის განმავლობაში სულ მცირე ერთი საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით. ეხმარებოდა უსასყიდლოდ ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ’’ - საქართველოში ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება თურმე უმუშევრობა. ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად სამსახური არ დაკარგონ. ზოგიერთ მათგანს სიკვდილი ემუქრება, მაგრამ ყოველ დღე მაინც გადის სამსახურში. აქ მე არ ვლაპარაკობ შრომით უსაფრთხოებაზე მე ვლაპარაკობ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დასაქმების თვალსაზრისითაა,’’ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანია გაიხსენა, რომელსაც როგორც თავად ამბობს, ამ საკითხზე კარგი განმარტება ჰქონდა.
‘’ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია ამბობდა რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი. ოჯახში გამოაღებ მაცივარს და მიხვდები როგორია ეკონომიკური მდგომარეობა’’.
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საკითხებზე დაახლოებით, 21 წუთის განმავლობაში საუბრობდა.