შუახევის მერიამ საკრებულოს, გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში წარუდგინა. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს საკრებულოს ოპოზიცია იწუნებს და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. ნაციონალური მოძრაობის წევრი სოსლან ზოიძე აცხადებს, რომ გამგეობას ხელფასებისა და მივლინებების ნაწილში 100%-იანი შეასრულება აქვს, მაშინ როცა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვალდებულებები ვერ შეასრულა.
ევროპული საქართველოს წევრი მირზა თურმანიძე კი აცხადებს, რომ გასული წლის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტი 2018 წლის ბიუჯეტშია გადმოტანილი. ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს გამგებლის მოადგილე. ომარ ტაკიძე ირწმუნება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების 85% შესრულებულია, რაც შეეხება გარდამავალ პროექტებს, მათი განხორციელება უკვე დაწყებულია. შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 9 მილიონ ლარზე მეტია და პირველი კვარტლის მონაცემებით, იგი 94 %- ით შესრულდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში სულ 24 გარდამავალი პროექტია.