საქართველო  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

21 აპრილი 2018, 00:00 2127 ნახვა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს ანგარიშში საქართველოც მოხვდა. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი პატიმრობისას. ბიუროს ოფიციალურ განცხადებაში ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან ფაქტად აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების შემთხვევაა მოყვანილი. მოხსენებაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეცაა და აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ თავშესაფრის მთხოვნელ თურქეთის მოქალაქეს უარი უთხრა. განცხადებაში მოხვდა, დეფაქტო რეგიონებში ადამიანის უფლებების შეზღუდვისა და რუსეთის მიერ ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები. ყურადღება ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობას.

ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ზღუდავენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში მედია პლურალიზმზეც აკეთებს აქცენტს. უწყების განცხადებით, თავისუფალი მედია ძალიან აქტიური იყო და ხედვების ფართო სპექტრს აშუქებდა. თუმცა, სამი ტელეკომპანიის - „მაესტროს“, „იმედისა“ და „ჯი-დი-ეს”-ის გაერთიანებამ, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად მედიაპლურალიზმი შეამცირა და გაზარდა საზოგადოებაში აღქმა, რომ მედია სივრცე კონცენტრირებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ. სახელმწიფო დეპარტამენტი პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და პატიმრების სიკვდილიანობის შემცირებასაც უსვამს ხაზს. მოხსენებაში საუბარია ქვეყანაში სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებულ ძალადობის შემთხვევებსა და დისკრიმინაციის პრობლემაზე, ასევე მთავრობის ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის არაეფექტურობაზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი