ბოლო 15 წელში, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალება 38 618 მსჯავრდებულს შეეხო, აქედან 34 947 ბრალდებული მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, გიორგი მარგველაშვილის მიერ კი შეწყალებულთა რიცხვი 3 671-ია.
სტატისტიკა ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ გააცნო. ქორიძე ამბობს, რომ შეწყალების მხრივ, გიორგი მარგველაშვილი რეკორდსმენი ნამდვილად არ არის.
"პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალებების რაოდენობით რეკორდსმენი ნამდვილად არ არის და როდესაც საუბარია რეკორდებზე, ყველამ უნდა ნახოს ციფრები. ეს ციფრების შეეძლოთ ენახათ იმ ჟურნალისტებსაც და საჯარო პირებსაც, რომლებიც აკეთებდნენ ამ თემაზე განცხადებებს ბოლო თვისა და კვირების განმავლობაში. მარგველაშვილი ნამდვილად არ არის "რეკორდსმენი", თუმცა რომც ყოფილიყო, შესაძლოა ცუდი ამაში არაფერი ყოფილიყო" ამბობს ქორიძე.
ციფრები ასე გამოიყურება:
პრეზიდენტ მარგველაშვილს შეწყალებული ჰყავს 3671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი;
3438 შეწყალებულია შეწყალების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე - აქედან, 2384 პრეზიდენტმა სრულად შეიწყალა და მათ დატოვეს საპატიმრო. 1054 კი შეუმცირდა მოსახდელად დარჩენილი სასჯელი.
233 პირი პრეზიდენტ მარგველაშვილმა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა.
მიხეილ სააკაშვილმა სულ 34 947 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი შეიწყალა.
3077 პირის შეწყალებისას დაეყრდნო კომისიის რეკომენდაციებს.
8950 პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა, 22 920 პირი კი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოხდისგან, მათ მოეხსნათ ნასამართლეობა.
ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.