ქალთა მოძრაობა ''Georgian Women's Movement''-ი პეტიციას ავრცელებს. ქალები ითხოვენ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში სპეციალური მუხლი გაჩნდეს ფემიციდის (ფემიციდი არის მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან) შესახებ და ამ დანაშაულისთვის სასჯელი 13-დან 20 წლამდე განისაზღვროს.
"ოჯახური დანაშაულების უმეტესობა ქალების წინააღმდეგ არის ჩადენილი, საქართველოს კანონმდებლობა კი არ განსაზღვრავს ფემიციდს. იგი ისჯება ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერი მკვლელობა," - წერია პეტიციაში, რომელიც დღეს გავრცელდა.
"ქალების მკვლელობის შემაძრწუნებელი ფაქტები სულ უფრო გახშირდა საქართველოში. ეს მკვლელობები ჩვეულებრივი მკვლელობები არ არის. ქალებს სწორედ იმიტომ კლავენ, რომ ქალები არიან - ასეთ მკვლელობას ფემიციდი ჰქვია. იგი სხვა მკვლელობისაგან განსხვავდება და ხშირად ფემიციდის დროს, მკვლელი მიიჩნევს, რომ ქალს სიკვდილით სჯის საქციელისთვის, რომელიც მათი აზრით ქალს არ შეეფერება. ზოგჯერ მკვლელი მიიჩნევს, რომ ქალის მკვლელობით აღიდგინა საკუთარი ღირსება. ფემიციდი თავისი არსით დისკრიმინაციული დანაშაულია, ეს არის ქალების სიკვდილით დასჯა “ცუდი ქალობისათვის” - ფიქრობენ ორგანიზაციაში და კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას ამ მოტივით ითხოვენ.
ისინი მიმართავენ პარლამენტს, სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის აკრძალვის შესახებ, სპეციალური მუხლი მიიღოს. ასევე ითხოვენ პროკურატურისგან, სპეციალური მუხლის ამოქმედებამდე ჩადენილი ფემიციდის შემთხვევებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოკვეთოს, რათა მოსამართლემ სანქციის დამძიმება შეძლოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, ეფექტურად აღასრულოს რისკები შეფასება. საქართველოს პრეზიდენტს კი მიმართავენ, რომ არ გამოიყენოს შეწყალების უფლება ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.
ფოტო: ზუგდიდში გამართული აქცია-პერფომანსი (2018 წლის 8 მარტი)