საფრთხის შემცველი გარემო აჭარის 22 სკოლაში   

09 აპრილი 2018, 00:00 2867 ნახვა

აჭარის 22 სკოლაში მოსწავლეები განათლებას საფრთხის შემცველ გარემოში იღებენ. ავარიულ სასწავლო დაწესებულებების დიდი ნაწილი მაღალმთიან სოფლებში მდებარეობს. 

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, სარეაბილიტაციო ავარიულ მდგომარეობაში 211 სკოლა ფუნქციონირებდა, მათგან ყველაზე მეტი, 33 თბილისში მდებარეობს.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა.

დოკუმენტში წერია, რომ ‘’ავარიულ სკოლებში  უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები ტარდება, თუმცა ეს დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება. საკითხი დროულ, სისტემურ მიდგომას საჭიროებს. მსგავსი ვითარება განსაკუთრებით იჩენს თავს მაღალმთიან რეგიონებში და სოფლად მდებარე სკოლებში’’.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოში  ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება საპირფარეშოების მოწესრიგების, კლას-კაბინეტებისა და სპორტული დარბაზების მოწყობისა და სკოლებში ბუფეტების ფუნქციონირების საკითხი.

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სკოლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არაერთი მასალა მოამზადა.  მათ შორის იყო, ქობულეთის სოფლებში არსებული სკოლები, სადაც მოსწავლეები ამ დრომდე გარე საპირფარეშოებით სარგებლობენ, სპორტული დარბაზის იატაკი დაზიანებულია, ხოლო ბავშვები გასათბობად  შეშის ღუმელს იყენებენ.  

დაახლოებით მსგავსი ვითარებაა შუახევისა და ხულოს რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში.

სახელმწიფო ზოგადი განათლების სფეროში უფლებამოსილებებს მუნიციპალიტეტებს გადასცემს, რომლებმაც საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განახორციელონ, შესაბამისად ომბუდსმენი რეაგირებისკენ სწორედ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მოუწოდებს. ​​‘’მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა დროულად შეაფასონ საჯარო სკოლების საჭიროებები და იზრუნონ ინფრასტრუქტურული გარემოს რეაბილიტაციაზე’’ - წერია დოკუმენტში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი