ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. არსებული ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში ბრალდებულმა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო, რის შემდგომ ჩამოართვა პასპორტი, საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ ბინაში, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა.
გამომუშავებულ თანხებს კი ისაკუთრებდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.