ბათუმში, თბილისის მოედანზე ავტომანქანის ერთი საათით გაჩერება ერთი ლარი დაგიჯდებათ, ყოველი შემდეგი საათის ღირებულებაც ერთი ლარია. ანუ თუ მოედანზე 3 საათით დააპარკინგებთ ავტომობილს, ჯამში სამი ლარის გადახდა მოგიწევთ.
თუ პარკირების წლიური საფასური გადახდილი გაქვთ, ეს არაფერს შეცვლის, რადგან თბილისი მოედანზე დაწესებული გადასახადი, აღნიშნულ პაკეტში არ შედის.
ტერიტორია რამდენიმე დღეა უკვე თავისუფალია და სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მოედნიდან მიკროავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გაიყვანეს.
ბათუმის ''ავტოტრანსპორტის'' ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე, მუნიციპალური ავტობუსების მგზავრთა გადაჯდომის ტერმინალებიც იფუნქციონირებს. დამონტაჟდება მართვადი ბარიერებიც.
‘’პარკირების საერთო და სპეციალური ადგილებით სარგებლობისთვის საფასურის დადგენის შესახებ’’, ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. დეპუტატებმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.
''აუცილებელია ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ზონები დავაწესოთ და დავიწყოთ მათი სტანდარტების მიხედვით ოპერირება,'' - განაცხდა რამდენიმე დღის წინ ბათუმის მერმა. ლაშა კომახიძემ ქალაქში ახალი სატრანსპორტო მარშრუტები ამოქმედებაც დააანონსა, რაც ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის მოძრაობის ახალ რეგულაციას გულისხმობს.