სპორტი მთავარში

15 მარტი 2018, 00:00 2211 ნახვა

ოსაკაში, ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეხუთე დღეს, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სუმოისტის მეტოქე იაპონელი კომოსუბი ჩიოტარიო იყო, რომელიც ძალიან მარტივად, ოკურიდაშის ილეთით დაამარცხა. გორგაძემ ბაშოზე დადებითი ბალანსი აღიდგინა, მას 3 მოგება და 2 მარცხი აქვს. ის მომდევნო შეხვედრას, ხვალ, 16 მარტს, პირველ მაეგაშირა ენდოსთან გამართავს. შეგახსენებთ, ქართველი იმპერატორი ტურნირზე ფეხის  მძიმე ტრავმით ასპარეზობს, მას დოჰიოზე გასვლა გამაყუჩებელი საშუალებების მიღების შემდეგ უწევს.  

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 23-ე ტური მარცხით დაასრულა ბათუმის გუნდმა. ბათუმელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში,  ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ   მარნეულის „დელტას“ დაუპირისპირდნენ და 10 ქულის სხვაობით 88:77 დამარცხდნენ.  ყველაზე შედეგიანი „დელტას“ ლეგიონერი  დეონდრე რეი იყო, რომელმაც გუნდს 25 ქულა მოუტანა. ამ მარცხის შემდეგ,  „ბათუმს“  პირველ ოთხეულში მოსახვედრი შანსები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ბათუმური გუნდი, სუპერლიგის მომდევნო შეხვედრას 25 მარტს, საკუთარ კედლებში თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს. 

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი, გუშინ კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გუნდის ვინაობა გაირკვა. მიუნხენის „ბაიერნმა“ „ბეშიქთაში“ სტუმრადაც დაამარცხა ანგარიშით 1:3 (ორი მატჩის ჯამი 1:8) და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მარტივად მოიპოვა. ცენტრალურ შეხვედრაში კი საკუთარ მოედანზე „ბარსელონამ“ ლონდონის „ჩელსი“  გაანადგურა 3:0. (ორი მატჩის ჯამი 4:1) შესანიშნავი იყო ლეო მესი, რომელმაც შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. ნახევარფინალისთვის „ბარსელონას“ და „ბაიერნის“ გარდა კიდევ 6 გუნდი : „იუვენტუსი“ „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპული“ „რომა“ „სევილია“ და მადრიდის „რეალი“ იბრძოლებენ. დღეს გამოვლინდებიან უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალისტები, უკვე ხვალ კი, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით 15:00 საათზე უეფას ჩემპიონთა ლიგის და ვეროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. 

დღეს დილით, ენ-ბი-ეის მორიგ ტურში, გოლდენ სტეიტ ურიორსი, ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდა და 117:106 სძლია, კვლავ ბრწყინვალე იყო ზაზა ფაჩულია, რომელმაც ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა, ჩვენებურის ანგარიშზე 10 ქულა 5 შედეგიანი გადაცემა და 12 მოხსნაა აქედან 6 მეტოქის ფარზე. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ყველაზე მეტი 26 ქულა კი მეომართაგან კევინ დურანტმა მოაგროვა. 52 მოგებით სტივ კერის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ "ჰიუსტონს" ჩამორჩება. დღეს ასევე ბოსტონი დაძაბულ შეხვედრაში ვაშინგტონთან დამარცხდა, ჯადოქრებმა კელტებს ოვერტაიმში სძლიეს ანგარიშით 125:124. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვაშინგტონელი ბრედლი ბილია 34 ქულით 9 შედეგიანი გადაცემით და 7 მოხსნით. 

ინდიან ველსის მასტერსზე წაუგებელ სერიას აგრძელებს მსოფლიოს პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი რომელმაც ამჯერად ფრანგი ჟერემი ჩარდი ორ სეტში 7:6 6:4 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა სადაც მისი მეტოქე კორეელი ჰიუნ ჩუნგი იქნება. აღსანიშნავია რომ შვეიცარიელმა 2018 წელს გამართული თხუთმეტივე მატჩი მოიგო. რაც შეეხება დანარცენ წყვილებს მეოთხედფინალში ჩორიჩი ანდერსონს შეხვდება, კუერი რაონიჩს გაეჯიბრება, ხოლო დელ პოტრო კოლშრაიბერს დაუპირისპირდება. გოგონათა შორის კი ერთი ნახევარფინალური წყვილი სიმონა ჰალეპმა და ნაომი ოსაკამ შეადგინეს. ტურნირის ამ ეტაპზე მოსახვედრად დღეს კარბერი კასატკინას შეხვდება, გამთენისას კი ვენუს ვილიამსი და კარლა სუარეს ნავარო გაარკვევენ ურთიერთობას. 

ამავე კატეგორიაში