საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს. ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მთავრობის მეთაური განცხადებას ავრცელებს.
‘’მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად’’ - წერია განცხადებაში.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღდგა, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი გრძელდება. ეს კი ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას ძირს უთხრის.
‘’რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ბოლო ტრაგიკული მაგალითი, ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილია, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ‘’.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე დაინტერესებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში რეალურ პროგრესს მიაღწიოს.
‘’მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც, ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად’’- წერია განცხადებაში.